ავთანდილ კასრაძე: „500 Global in Eurasia - ს მეთერთმეტე ნაკადის დაწყება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ეტაპობრივად ვქმნით გარემოს, სადაც ძლიერი იდეა შეიძლება საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ ბიზნესად იქცეს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს მეთერთმეტე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, უკვე ექვსი წელია, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის განცხადებით, სააგენტოს მიზანია, საქართველოში შექმნილ სტარტაპებს თავიდანვე ჰქონდეთ გლობალური ამბიცია და წვდომა იმ ცოდნაზე, გამოცდილებასა და საერთაშორისო ქსელზე, რომელიც მათ ზრდაში დაეხმარება.
„500 Global in Eurasia სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის - უკვე მეექვსე წელია, ქართველი დამფუძნებლები მუშაობენ საერთაშორისო მენტორებთან, ავითარებენ ბიზნესმოდელებს და ემზადებიან გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად. მეთერთმეტე ნაკადის დაწყება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ეტაპობრივად ვქმნით გარემოს, სადაც ძლიერი იდეა შეიძლება საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ ბიზნესად იქცეს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
12-კვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან. პროგრამა ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, დახვეწონ ბიზნესმოდელები, მოამზადონ განვითარების სტრატეგიები და დაიწყონ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.
საქართველოში ინიციატივა 2022 წლიდან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი, ხოლო პროგრამა საქართველოში ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, მონაწილეები საკუთარ პროდუქტებს, ბიზნესის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს წარუდგენენ.
