ავთანდილ კასრაძე: „იაპონიის მაღალტექნოლოგიურ და მასშტაბურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სააგენტოს იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრის მთავარ თემას GITA-სა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი მიმდინარე პროექტი “საქართველოში სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება” წარმოადგენდა. მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგები და ის ძირითადი აქტივობები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში უფრო მდგრადი და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, რომ იაპონიასთან თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს. მისივე განმარტებით, პრიორიტეტულია ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და იაპონიის მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
