ავთანდილ კასრაძე: „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას”

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკური გარემოს შექმნა წარმოადგენს“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, უნარებისა და ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა. 

GITA - ს თავმჯდომარემ სააგენტოს პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიული განათლების განვითარებას და ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად და აუცილებელია საჭირო და სწორი ცოდნა იმისათვის, რომ გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში წარმატებას მიაღწიო. სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და შესაბამისად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და გაჯანსაღებას”,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

უნარებისა და ინოვაციების ფორუმმა პროფესიული განათლების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების გარშემო სახელმწიფოს, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიებას Skillwill Swiss College-ის კამპუსმა უმასპინძლა. ფორუმის მთავარი თემა იყო თანამედროვე უნარები, პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება საქართველოში.