ავთანდილ კასრაძე - „უნივერსიტეტები ინოვაციების ბუნებრივი ეპიცენტრებია - ადგილი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება იდეად, ხოლო იდეა - ბიზნესად“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის CUnicorn-ის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროგრამის მნიშვნელობაზე გაახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ინოვაციური ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

“უნივერსიტეტები ინოვაციების ბუნებრივი ეპიცენტრებია — ადგილი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება იდეად, ხოლო იდეა - ბიზნესად. სწორედ ამიტომ, CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. 

ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები ჟიურის, ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პარტნიორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგინეს. დემო დღეზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სტარტაპები: Opti, Flexi, Hatch, Kan-Guroo, Kere, StudOrga, SwipeSights და AI Sakhli. დემო დღის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები: 1 ადგილი - Opti, 2 ადგილი - Flexi, 3 ადგილი - Kere. სამივე გამარჯვებული გუნდი კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

CUnicorn-ის პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე მეექვსედ აერთიანებს ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვატორებსა და დამწყებ სტარტაპებს, რომელთაც საკუთარი იდეების განვითარება სურთ.

 ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუამ და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ. გამომსვლელებმა ისაუბრეს უნივერსიტეტების, ინოვაციური ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მეწარმეობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.