ავთანდილ კასრაძემ კორეის ელჩთან სტარტაპების მხარდაჭერისა და აქსელერაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს მნიშვნელოვან როლზე საქართველოსა და კორეის ინოვაციურ ეკოსისტემებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარებაში. საუბარი შეეხო ქართული კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობას სტარტაპების მხარდაჭერისა და აქსელერაციის კორეულ პროგრამებში. ასევე, განხილულ იქნა ინოვაციური ინფრასტრუქტურის მართვის, თანაინვესტირების, კვლევებისა და განვითარების (R&D) დაფინანსებისა და საუკეთესო კორეული პრაქტიკის დანერგვის საკითხები.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა სააგენტოსა და კორეის ინოვაციის მხარდამჭერ ინსტიტუტებს შორის, რაც პრაქტიკული თანამშრომლობისა და საერთო პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ჯობავამ ელჩს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სააგენტოს საქმიანობა, ასევე პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.