ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლეს. შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა რეგიონში უნიკალური სასწავლო - შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერა, რომელიც აერთიანებს როგორც სამუზეუმო, ისე სასწავლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს. ფორუმის თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ პრეზენტაცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ გახსნიდან დღემდე ტექნოჰაბს 21 500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, იყვნენ ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. მისივე თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ეს ადგილი ქუთაისში გახდა ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ვიზიტორებსთვის. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ამ ეტაპზე 10 ტექნოპარკს აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით და მათი ბენეფიციარების რიცხვი წლიურად 20 000-ს აღემატება.

შაიხა ნასერ ალ ნუვაისი გაეცნო იმ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ამოქმედდა. მათ შორის, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობას. აღსანიშნავია რომ TUMO ქუთაისი ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს და ამ ეტაპზე ჩარიცხული 600 მოსწავლე სწავლას მომავალ კვირას დაიწყებს.

ქუთაისის ტექნოჰაბში მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პირობები განიხილეს.