GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა
ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
გურიის რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან:
· Biocon - სტარტაპი მიზნად ისახავს ლიცენზირებული ბიოლოგიური მასალების (ნაცხების) ლაბორატორიული მარაგების მართვისა და ყიდვა-გაყიდვის პროცესის გაციფრულებასა და ოპტიმიზაციას AI ასისტენტის დახმარებით
· TwinO-ს მიზანია უძრავი ქონების ინდუსტრიაში ავტონომიური გაყიდვების ინფრასტრუქტურის დანერგვა, რომელიც სპეციალიზებული AI Twin-ების (AI Agents) მეშვეობით უზრუნველყოფს შემომავალი მოთხოვნების (leads) 24/7 დამუშავებას და მათ კონვერტაციას დანიშნულ შეხვედრებად. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოებისა და დეველოპერებისთვის გაყიდვების ციკლის ოპტიმიზაციას.
· Smart-Rehab Guria - რობოტიზებული სარეაბილიტაციო სისტემების წარმოება - პროექტის მიზანია ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) და რობოტიზებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს პაციენტების სწრაფ და ეფექტურ გამოჯანმრთელებას.
გურიის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
2025 წელს საგრანტო პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
