GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლენილია

ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 6 გამარჯვებული იმერეთის რეგიონში გამოვლინდა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

იმერეთის რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან:   

·      Graphite - კოდის ანალიზის პლატფორმა, რომელიც ვრცელ ტექნიკურ სისტემებს გარდაქმნის ინტერაქტიულ არქიტექტურულ რუკად. სისტემა აანალიზებს კოდს, ქმნის ურთიერთდამოკიდებულებებებს და აგენერირებს დეტალურ დოკუმენტაციასა და ცოდნის ბაზას, რაც ინჟინერსა და AI კოდის ასისტენტს უმარტივებს სისტემის გაგებას და ცვლილებების ანალიზს.

·      Healthbridge-ის მიზანია სამედიცინო ტურიზმის პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაცია - კლინიკის შერჩევიდან იურიდიულ და ფინანსურ მართვამდე - AI-ზე დაფუძნებული PLM სისტემის მეშვეობით. პლატფორმა ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას 95%-ით და ხარჯებს 25%-ით.

·      დებაგიუმი - პროექტის მიზანია დაეხმაროს e-commerce კომპანიებს სრულყოფილად გატესტონ თავიანთი AI ჩათბოტები. დებაგიუმი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინასწარ აღმოაჩინონ ჩათბოტის შეცდომები, შეამცირონ მომხმარებლის უკმაყოფილება და გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი.

·      ინკლუზიური ჭადრაკის განვითარება - პროექტის მიზანს წარმოადგენს ბავშვებზე მორგებული ჭადრაკის მობილური აპლიკაციის შექმნა, რაც მოიცავს სწავლების თანამედროვე მეთოდს - სპეციალურ ვიზუალიზაციას, რაც აღნიშნულ პლატფორმას ხელმისწავდომსა და პრაქტიკულს გახდის ინკლუზიური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისაც.

·      ოსტატი.AI - პროექტის მიზანია AI-ზე დაფუძნებული ადაპტური სასწავლო პლატფორმის (Ostati.AI) მინიმალური სამუშაო ვერსიის (MVP) შექმნა HoReCa პროფესიული განათლებისთვის და მისი პილოტირება იმერეთის რეგიონში, ქუთაისის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში (Iberia).

·      Mass Photo, WaWe Photo - პროექტის მიზანია სტარტაპის მიერ "საქპატენტში" დარეგისტრირებული, ინოვაციური "სასარგებლო მოდელი"-ს გამოყენებით შექმნილი აპლიკაციის დახვეწა, განვითარება და კომერციულ პლატფორმაზე ჩაშვება, რომელიც AI-ს გამოყენებით შექმნის უნიკალურ ვიდეო კოლაჟებს სოციალური მედიისთვის, (Facebook, Youtube, Tik Tok, Twitch) ტელევიზიებისთვის და პირადი გამოყენებისთვის.

იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

2025 წელს საგრანტო პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.