ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ.
ჟურნალისტებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ მუზეუმის კონცეფციას და მონაწილეობა მიიღეს შერჩეული ინტერაქციული ექსპონატების დემონსტრირებასა და პრაქტიკულ აქტივობებში.
“ინტერაქციულ-სამეცნიერო მუზეუმში წარმოდგენილი თითოეული ექსპონატი მნიშვნელოვან ამბავს გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი. ქუთაისი ყოველთვის იყო ცოდნის გამავრცელებელი ქალაქი და სიმბოლურია, რომ პირველი საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების სკოლა სწორედ აქ იხსნება, რომელიც 1200 ბავშვზეა გათვლილი,” - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ტექნოჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომლის კონცეფცია თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
ჟურნალისტები ასევე გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიებს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირების და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს.
მედიის წარმომადგნლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ პირველ თუმო ქუთაისის (TUMO Kutaisi) კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის სპეციფიკას, რომელიც ერთდროულად 1200-მდე 12-18 წლის მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს.
