„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ - GITA -ს ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” გრძელდება და მორიგი შეხვედრა ზესტაფონში, ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა.  

ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, რუსთავი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ახალციხე, ნინოწმინდა, ადგიგენი, ბორჯომი და ასპინძა).

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა აღნიშნა, შეხვედრებმა აღნიშნულ მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

“შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ GITA - ს პროექტი “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” დიდი წარმატებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების მხრიდან აქტიურობა და ინტერესი, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ინოვაციების, ტექნოლოგიების და სტარტაპ ეკოსისტემის მდგრად და გრძელვადიან მშენებლობაში, ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,” - განაცხადა ზურა ძიძიგურმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.

პროექტის პარტნიორები არიან - გამომცემლობა "ლურჯი ოკეანე", კომპანია “ნატახტარი”, "ჩემპი" და ალტა.