საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და Apolitical-მა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საერთაშორისო პლატფორმამ Apolitical-მა საჯარო სექტორში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა საჯარო მოხელეებისთვის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება ინიციატივას - „Government AI Campus”. ეს არის გლობალური პლატფორმა, რომელიც სპეციალურად მთავრობებისა და საჯარო მოხელეებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, Google-თან პარტნიორობით და მათ სთავაზობს ექსპერტულ კურსებს, ინსტრუმენტებსა და კვლევებს ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოსაყენებლად. პროგრამა ორიენტირებულია საჯარო სექტორის მართვის გაუმჯობესებაზე, რათა სახელმწიფომ უკეთ შეძლოს ტექნოლოგიური გამოწვევების მართვა და მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება.

გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, სააგენტო აქტიურად ჩაერთო გლობალურ ინიციატივაში - „სახელმწიფო ხელოვნური ინტელექტის გზამკვლევი”. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შექმნილი  უნიკალური ინტერაქციული მონაცემთა ბაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ განხორციელებულ ხელოვნური ინტელექტის რეალურ პროექტებს აერთიანებს. აღნიშნულ პლატფორმაზე წვდომა საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიყენონ ისინი ადგილობრივ კონტექსტში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების სწრაფ დანერგვას.

მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განსაზღვრეს, მათ შორის, სასწავლო რესურსების ერთობლივი განვითარება, ცოდნის გაზიარება და ერთობლივი ვორქშოფებისა და ღონისძიებების ორგანიზება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო  Apolitical-ის გლობალურ ქსელთან ერთად იმუშავებს საჯარო სექტორში ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზზე, რაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაეხმარება, მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებაში.

Apolitical Group Limited წამყვანი გლობალური სასწავლო პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზებულია საჯარო სექტორის განვითარებაზე, აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ვერიფიცირებულ საჯარო მოხელეს 170 ქვეყნიდან და წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად.