საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს STEAM ბანაკი იწყება – სააგენტომ მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-ზე მეტი განაცხადიდან 300 მონაწილე შეარჩია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, STEAM ბანაკის პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით რეკორდული რაოდენობის — 2 000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, საიდანაც 300 მონაწილე შეირჩა. მზარდი მოთხოვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების ინტერესს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ.
STEAM ბანაკი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და STEAM მიმართულებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
ბანაკის ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები STEAM-ის საწყისებში, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით. სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს გუნდურ მუშაობას, პროდუქტის პროტოტიპირებასა და მის განვითარებას, ასევე პროექტის წარდგენის ტექნიკასა და პრაქტიკულ სიმულაციებს.
ბანაკი კაჭრეთში, „ამბასადორის აკადემიაში“ სამ ნაკადად ჩატარდება და თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 100 მოსწავლე მიიღებს.
