თბილისის ტექნოპარკმა, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის (UCCN) მედია ხელოვნების ქვეჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების საერთაშორისო ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მედია ხელოვნების ქვეჯგუფის დელეგაციის წევრები თბილისის ტექნოპარკს ეწვივნენ.  სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე შეხვდა. თორნიკე ჯობავამ დამსწრე საზოგადოებას ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, გააცნო ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი 2004 წელს შეიქმნა და აერთიანებს ქალაქებს, რომლებიც შემოქმედებას მდგრადი ურბანული განვითარების საფუძვლად მიიჩნევენ. მედია ხელოვნების ქვეჯგუფი კი აერთიანებს იმ ქალაქებს, რომლებიც ციფრული კრეატიულობის, ახალი ტექნოლოგიებისა და მხატვრული ექსპერიმენტების მეშვეობით მომავლის ქალაქებს ქმნიან.