Web Summit 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, Web Summit 2026-ის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე.
წელს ლისაბონში, საქართველო წარმოდგენილია მასშტაბური პავილიონით „StartUP in Georgia” ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ინვესტიციების სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საქართველოს, როგორც სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი ადგილის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.
ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყანაში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. წლევანდელ სამიტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 6 ქართული სტარტაპი მონაწილეობს - Quissly, AdMagica.ai, Filmcore, Zapio, Agrolog, Briano.
ამასთან, ორი ქართული სტარტაპი - Filmcore და AdMagica, ლისაბონში, Web Summit 2026-ის ფარგლებში, PITCH-ში მიიღებს მონაწილეობას. PITCH Web Summit-ის ოფიციალური სტარტაპ-კონკურსია. მასში ადრეულ ეტაპზე მყოფი, სპეციალურად შერჩეული სტარტაპები მონაწილეობენ, რომლებიც , აუდიტორიის წინაშე, მოკლედ წარადგენენ თავიანთ პროდუქტსა და ბიზნესს, შემდეგ კი ჟიურის კითხვებს პასუხობენ. ჟიურიში საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორები და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები შედიან. კონკურსი რამდენიმე ტურად მიმდინარეობს.
ღონისძიებას დაესწრო ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე.
სამიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
